logo
ENG



"ტრანსლაცია სულ რთული იყო" - უსუფაშვილის თქმით, რუსული კანონის განხილვამდე დარბაზი შეცვალეს

02 მარ 202315:43
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს რუსული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვებამდე დარბაზი სპეციალურად შეცვალეს. ის აღნიშნავს, რომ შესაძლოა, განხილვების დროს პირდაპირი ეთერი არ იყოს. ამის შესახებ მან ფორმულასთან განაცხადა.

"სპეციალურად შეცვალეს დარბაზი, ამ დარბაზიდან ტრანსლაცია ყოველთვის რთული იყო და ალბათ, ახლაც არ იქნება. პარლამენტის რამდენიმე წევრი ტელეფონით იღებს ამ ყველაფერს", - აღნიშნავს უსუფაშვილი.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა იწყება. სხდომის დაწყებამდე მედიის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტში საპროტესტო აქცია გამართეს.

რუსულ კანონს აპროტესტებენ, როგორც პარლამენტის შესასვლელთან, ისე შენობაში, კომიტეტის დარბაზის შესასვლელთან. კომიტეტზე იწყება რუსული კანონის ორივე ვერსიის განხილვა და როგორც უკვე ცნობილია, საპარლამენტო სესიაზე პირველი მოსმენით კანონპროექტს მიიღებენ, რის შემდეგაც მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს კანონი დაგვაშორებს ევროპას და ხელს შეუშლის სტატუსის მიღებას.

მმართველი პარტიის დეპუტატებს დარბაზში შესასვლელად შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა მას აქტიურად აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა